მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინანსთა მინისტრი ახალია, შესაძლოა მოატყუეს და ხელი მოაწერინეს ბრძანებაზე"

5b7e549809395
BM.GE
23.08.18 10:29
2547
„თუ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა და თავისუფალი ბაზარი არ იმუშავებს, მსგავსი ხელოვნური ჩარევით მუდმივად გვექნება კურიოზები“, - ასე აფასებს პურის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება ავტოსატრანსპორტო საშულებებით იკრძალება და ნებადართული ხდება მხოლოდ გემებისა და რკინიგზის მეშვეობით. გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის. გამონაკლის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ნებართვით იმპორტი, შესაძლოა, სხვა ტრანსპორტის მეშვეობითაც განხორციელდეს.

„ამ გადაწყვეტილებით პურის წარმოების თვითღირებულება გაიზრდება, ფქვილი ისედაც გაძვირებულია, პარალელურად დოლარის კურსიც თამაშობს, ხორბალიც გაძვირდება და ეს გავლენას მოახდენს პურის ფასზეც. აქამდე ფასები ბაზარზე სტაბილური იყო.

ფინანსთა მინისტრი ახალია, შეიძლება მოატყუეს და ხელი მოაწერინეს ბრძანებაზე. ვაგონით და გემით ქვეყანაში ხორბალს შემოიტანს ორი კაცი. სატვირთო ავტომობილებით კი 300-მდე მცირე მეწარმეს შემოჰქონდა ხორბალი, მათ ბანკის ვალები აქვთ, ოჯახები ჰყავთ“, - ამბობს დოლიძე.

BM.GE უკვე წერდა, რომ ხორბლის იმპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება იგეგმებოდა. სატვირთო ავტომობილის 100-მდე მძღოლმა მიმდინარე კვირაში აქციაც გამართა. მძღოლები BM.GE-სთან საუბარში ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რკინიგზის ლობირებაა და ის ქვეყანაში ხორბლის და შესაბამისად ფქვილისა და პურის გაძვირებას გამოიწვევს.

საქართველოში ხორბლის იმპორტის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები