მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ბათუმი-ნოვოროსიისკის რეგულარულ საზღვაო გადაზიდვებს უარყოფს

646b5ffb810d6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.23 16:47
537
ფინანსთა მინისტრი ბათუმი-ნოვოროსიისკის რეგულარულ საზღვაო გადაზიდვებს უარყოფს, კერძო გადაზიდვების მიმართულებით კი ამბობს, რომ ყველა ტრანზაქცია სანქციების დაცვით ხორციელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტის მიერ სომხეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ რიგში, რეგულარული მიმოსვლის ფაქტი დაფიქსირებული არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება. სხვა დანარჩენი ყველა კერძო ტრანზაქცია, შესაბამისი სანქციების ძალიან მკაცრი დაცვით და კრიტერიუმებით ხორციელდება. ორეტაპიანი კონტროლია საზღვაო ტვირთებთან მიმართებით, რომლითაც მოწმდება გემის, გემთმფლობელის და ტვირთის სანქცირება საზღვაო სააგენტოს მიერ და შემოსულ ტვირთთან მიმართებით საბაჟო სამსახური და შემოსავლების სამსახური იმ მეთოდოლოგიით ახორციელებს, რა მეთოდოლოგიაცაა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტვირთებთან მიმართებით. ის მყარი და დამაჯერებელია. ჩვენ წელიწადზე მეტია ამ მეთოდოლოგიით ვახორციელებთ ტვირთების კონტროლს. ერთი ფაქტიც არ გვაქვს, რომ სანქციების გვერდის ავლა მომხდარიყო საქართველოს მხრიდან. ეს დადასტურებულია არაერთი განცხადებით და ამ განცხადებების უკან არის აქტიური მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ყველა დარწმუნებული იყოს, რომ საქართველო ბიზნესის განხორციელებისთვის უსაფრთხო ადგილია“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სომხური კომპანიის მიერ ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გადაზიდვების შესრულებს შესახებ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სახმელეთო გადაზიდვის ალტერნატივად სომხურ მხარეს საზღვაო ხაზი ესახება, ამიტომ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. 18 აპრილს კი ამ გზით პირველი გადაზიდვა შესრულდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ რეისები დასაწყისისთვის კვირაში ერთხელ შესრულდება, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში კი სიხშირე გაიზრდება. ამის საპასუხოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც რეგულარულ რეისებს უარყოფს, თუმცა კომერციული საზღვაო გადაზიდვების ფაქტს ადასტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები