მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: ლარის გაუფასურება ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებმა გამოიწვია

5be45bc94cc5f
დავით ჯალაღონია
08.11.18 19:50
1164
ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ლარის გაუფასურების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, აქ მთავარი ფაქტორი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რიტორიკაა.

„ამ ეტაპზე რაც ხდება ლართან დაკავშირებით, ეს ასივე პროცენტით გამოწვეულია აგრესიული რიტორიკით, უპასუხისმგებლო და ტყუილი განცხადებებით ძირითადად, ოპიზიციის მხრიდან. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძელი არ არსებობს. ეს აჟიოტაჟი გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს და შესაბამისად, იმ არასტაბილურობის განცდით, რომელიც იმ რიტორიკამ და სიბინძურემ მოიტანა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები უტიფრად ამჟღავნებენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ „ვისაც ოდნავ ესმის ეკონომიკა და კიდევ შერჩენია ნამუსი, იცის, რომ ეს ფისკალურ ხარჯვასთან არანაირ კავშირში არ არის, არც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან“.

გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანი საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ 3 მილიარდ ლარზე მეტია დასახარჯი, რასაც ლარის გაუფასურებაზე დამატებითი წნეხი ექნება.

„ერთის მხრივ, პროფიციტი გვაქვს და გვედავებიან, რომ არ გვაქვს დახარჯული თანხები და მეორეს მხრივ, ამბობენ, ლარი თქვენ გააუფასურეთო. მათემატიკურად ეს შეუძლებელია. მიმოქცევიდან ლარი ამოღებულია. თეორიულად შეუძლებელია, რომ ამას ლარის გაუფასურება გამოეწვია. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება მთავრობის უგუნური პოლიტიკის ბრალია, ისინი ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ. ზუსტად ასეთი უპასუხისმგებლობების გამო არის ეს გამოწვეული. ამიტომ ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. უბრალოდ, აქ არის სალაპარაკი იმაზე, ამ ტყუილების მიმართ, ვართ თუ არა რეზისტენტული. მოსახლეობა რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით ამ სპეკულაციების მიმართ, ლარი ზუსტად იმდენად მყარად იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, მმართველი გუნდი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზებზე მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს გეგმავდა, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა მოხდა.

„აინტერესებთ მიზეზები. ჩვენც ვთქვით. სხვა არანაირ კონსულტაციებს ადგილი არ ჰქონია“, - განმარტა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2 ლარი და 75 თეთრი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი 7 ნოემბერთან შედარებით, დაახლოებით 1 თეთრით გამყარდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები