ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ დუნდუა უწყებას თავისი ახალი ხედვებით „უფრო მეტს შესძენს“. ასე პასუხობს მინისტრი შეკითხვას, თუ რა კრიტერიუმით დაინიშნა დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომელსაც გიორგი თაბუაშვილი იკავებდა.
„გიორგი თაბუაშვილმა თავისი განცხადებით დატოვა თანამდებობა. ის საკმაოდ დიდი ხანი იყო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...საკმაოდ წარმატებული. როგორც იცით, სულ 2 თვის წინ შემოვუერთდი ამ უწყებას და საკმაოდ გამართული სამსახური დამხვდა. თუმცა, ახალი სისხლი და გადახალისება არასოდესაა ზედმეტი. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბატონი მიხეილ დუნდუა ახალი ენერგიით, ახალი ხედვებით მეტს შესძენს ამ სამსახურს“,- აცხადებს მინისტრი.

























