„საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
2017 წლის 11 სექტემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.
„Moody’s-ის განცხადებით ახალი, დამაჯერებელი რეფორმები მომავალში დადებითად აისახება საქართველოს საკრედიტო მდგომარეობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფისკალური რეფორმების ეფექტურობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დანაზოგების გენერირებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას მიეძღვნა. კერძოდ, კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები განხილულია, როგორც საკრედიტო მდგომარეობის პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო.
„საკრედიტო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია შიდა დანაზოგების ზრდით, საგარეო მოწყვლადობის შემცირებითა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

























