„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, მაგრამ მარტო გადასახადებით, ის ვერ გაიზრდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პროგრესული გადასახადის შემოღებასთან დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად არსებული გადასახადების დონე აბსოლუტურად ოპტიმალურია და მის ზრდას ან კლებას, ეკონომიკაზე დადებითი გავლენა არ ექნება.
"ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმალურ დონეზე გადასახადების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ სოციალური პრობლემა არსებობს და ამის წყაროდ ბევრს მიაჩნია გადასახადები. შესაბამისად, მაღალი პენსიები, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა.
ამ ეტაპზე გადასახადები არის ოპტიმალური, რომელიც არის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული. თუ რამდენად მნიშვნელოვანია (ეკონიმიკური) ზრდა, ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კაცობრიობას მოუგონია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი წყარო კეთილდღეობის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ეკონომიკა. მარტო გადასახადებით ის ვერ გაიზრდება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოძებნო გადასახადების ის დონე, რომელიც ერთის მხრივ, ამ ზრდას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს სოციალურ დაცულობას. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მოძრაობა ამ ეტაპზე არის კონტრპროდუქტიული, რაც ნიშნავს, რომ თუ კიდევ დავაკელით გადასახადი, ის აისახება ეკონომიკურ ზრდაში და არ მოგვცემს შედეგს; თუ ავწიეთ გადასახადი ის შეანელებს ეკონომიკურ ზრდას", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

























