ამ განცხადებით ივანე მაჭავარიანმა განმარტა მისი კომენტარი საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა და სადაც აღნიშნა, რომ ის ამ რეგულაციების მომხრე არ იყო და ეროვნულმა ბანკმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და გადახედოს მათ.
"ეს უთანხმოება არ არის(ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის). ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, ვერ ნახავთ მსოფლიოში ვერცერთ ქვეყანას, სადაც ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ფისკალურ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი და ეროვნული ბანკი, რომელიც მონეტარულ პოლიტიკაზეა ორიენტირებული, არიან უნისონში. ეს ძალიან კარგია, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ეს ზუსტად უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ის არ არის მთავრობის ნაწილი.
ორივე მხარე ძირითადში ვთანხმდებით, რომ საფინანსო სფეროს სჭირდებოდა დარეგულირება, რადგან წარმოუდეგენელი იყო დაკრედიტების ის უპასუხისმგებლო სისტემა, წარმოუდგენლად მაღალი პროცენტები, მაღალი პირგასამტეხლოები, რაც ადამიანების გაყვლეფა იყო. ეროვნული ბანკი გრძნობს პასუხისმგებლობას საფინანსო სექტორზე და ის უფრო ფრთხილია, ვიდრე მთავრობა, ეს არის ბუნებრივი. ის, რასაკვირველია ფრთხილია და ფინანსთა სამინისტროს გადმოსახედით, ზედმეტად ფრთხილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება ცოტა უფრო მეტი რისკის აღება და ლაღად წასვლა. სანამ იარსებებს ეს 2 ინსტიტუტი - ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი - აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იარსებებს. ეს არის ჯანსაღი პროცესი. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ რეგულაციები იყო საჭირო, თუმცა, ეს არის ზედმეტად ფრთხილი და ზედმეტად კონსერვატიული, მაგალითად, სამშენებლო სფეროში შეიძლებოდა უფრო მსუბუქი რეგულაციებით გასვლა. 23 აპრილს დავესწრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც განვმარტავ რეგულაციებზე ჩვენს პოზიციას დაწვრილებით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

























