საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციის დასაწყისში მიმოიხილა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, ქვეყანა მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება" , - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მცირდება ქვეყნის ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.
ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.
„საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა. ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და სარეიტინგო კომპანიები...
პირველად 2018 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე რჩება.
ამ პრობლემის მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ სერიოზული გაუმჯობესება 2012 წელთან შედარებით გვაქვს - სიღარიბე 30%-დან 21,9%-მდე შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე 17,2%-დან 12,7%-მდე შემცირდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ აღნიშნული მაჩენებლები კვლავ ძალიან მაღალია. ამიტომ, დადებითი ტენდენცია მაინც შეუმჩნეველი რჩება,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

























