მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი-სავალდებულო ანგარიშგებაზე: გამჭვირვალობა კონკურენციასაც წაადგება

5c506e1c108f3
სალომე მეცხვარიშვილი
29.01.19 20:00
1920
“გამჭვირვალობა პირიქით ზრდის კომპანიების მიმართ სანდოობას. ამ ნაწილში გამჭვირვალობა კონკურენციასაც წაადგება და ბიზნესთან დაკავშირებულ რისკებს არ შეიცავს”, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი კომპანიების ნაწილის პრეტენზიებს, რომ ბიზნესს ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროების ვალდებულება პრობლემებს უქმნის.

კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ რეგულაცია, რომელიც ავალდებულებს გამოაქვეყნონ ინფორმაცია საკუთარი შემოსავლების, მოგებისა და ზარალის შესახებ, მათ აზიანებს.

კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება მათ პრობლემას უქმნის, რამდენადაც კონკურენტებისთვის მათი კომერციული საიდუმლოება ხდება ცნობილი.

bm.ge-ის ინფორმაციით, შესაბამისი პრეტენზიით კომპანიების ნაწილმა ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა.

აღმოჩნდა, რომ ვანო მაჭავარიანი საქმის კურსშია და ბიზნესის პრეტენზიები იცის, თუმცა, მათ აზრს ამასთან დაკავშირებით არ იზიარებს.

“მე თვითონ ვარ ბიზნესიდან მოსული და არ მახსოვს, რომ რომელიმე მსხვილ კომპანიას მსოფლიოში რამე დაკლებოდა ან რამე პრობლემა შექმნოდა იმის გამო, რომ თავის ფინანსურ მაჩვენებლებს ასაჯაროებს. ეს არ არის საოპერაციო საიდუმლო, რომელიც კონკურენტს უპირატესობას ანიჭებს”, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

გასული წლიდან მსხვილ კომპანიებს ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროების ვალდებულება გაუჩნდათ. შესაბამისი რეგულაციების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. პარლამენტმა მიიღო კანონი "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ", რომლის მიხედვითაც, კერძო კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება ჩაატარონ საერთაშორისო სტანდარტების IFRS-ის ხარისხის აუდიტი და ის საჯაროდ გამოაქვეყნონ.

მთავრობამ აღნიშნული რეფორმის განხორციელებისთვის შექმნა ახალი უწყებაც, სწორედ მის ბაზაზე შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც აუდიტორული ანგარიშები უკვე ქვეყნდება. თუმცა, ეს ვალდებულება ყველა კერძო კომპანიას არ ეხება და ის ეტაპობრივად შედის ძალაში.

კერძოდ, კომპანიები ზომის და ფუნქციის მიხედვით ხუთ კატეგორიად დაიყო და მათ ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინდათ. პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს, რომელთა შემოსავალიც 100 მილიონს აღემატება და რომლებშიც 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ყველაზე დეტალური ანგარიშების გამოქვეყნება უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები