საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძლიერი და არამოწყვლადი ორგანიზაციაა.
ასე აფასებს მაჭავარიანი 9 ნოემბერს სებ-ის მიერ სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის ფაქტს.
მინისტრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ლარის კურსის გაუფასურება „პრობლემად ჩანს“, ცენტრალურმა ბანკმა რეზერვების შევსების მიზნით, 10 მლნ დოლარი შეისყიდა.
„ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი; კურსის დევალვაცია პრობლემად ჩანს და ასე „ყიდიან“, განსაკუთრებით მედია - თქვენ... ამ დროს თუ ჩავთვლით, რომ ის (ეროვნული ბანკის) იქნებოდა პოლიტიკურად მოწყვლადი ინსტიტუტი, პირიქით მოიქცეოდა. სებ-ი მოიქცა ისე, როგორც ამ შემთხვევაში ევალება ეროვნულ ბანკს ანუ ის პერიოდულად ავსებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს. ჩვენი სავალუტო რეზერვი არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენი დონის ეკონომიკას შეესატყვისება. თქვენ შეგიძლიათ, ასევე წაიკითხოთ და მოისმინოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ამასთან მიმართებაში. ისინი დაჟინებით ითხოვენ ეროვნული ბანკისგან, რომ ყოველწლიურად განახორციელოს რეზერვების შევსება და ალბათ ამ შევსებისთვის გადადაგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ეს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ინტერვენციის განხორციელებით, სებ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ექვემდებარება.
„ეროვნული ბანკი არ აქცევს ყურადღებას, რა ხდება ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ჯანმრთელი მოვლენა. ასეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.