მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი: უმუშევრობის კომპენსაციის შემოღების საჭიროებას არ ვხედავ

5c5021098cade
თამუნა ქემერტელიძე
29.01.19 13:45
1275
ამ ეტაპზე უმუშევრობის კომპენსაციის საჭიროებას არ ვხედავ - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააკეთა.

მისი თქმით, სრული მზაობაა, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებებს გაეცნონ და კონსულტაციებიც გაიარონ, თუმცა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მას აქვს უმუშევრობის კომპენსაციის საჭირობას ვერ ხედავს.

„ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ რომან კაკულიას მოსაზრებას. მზად ვართ, ასევე კონსულტაციებშიც შევიდეთ და განვიხილოთ, თუმცა ინფორმაციას რასაც ამ ეტაპზე მე ვფლობ, შემიძლია ვთქვა, რომ მე არ ვხედავ ამის საჭიროებას“, - აცხადებს მაჭავარიანი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის მექანიზმის დანერგვის შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა BMG-თან ინტერვიუში ვრცლად განმარტა თუ რატომ ფიქრობს, რომ საჭიროა, სახელმწიფომ ადრე თუ გვიან დანერგოს ეს მექანიზმი და ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება გახდნენ ამ კომპენსაციის ბენეფიციარები.

რომან კაკულიას თქმით, ის ემხრობა აზრს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ საზოგადოებაში დისკუსია დაიწყოს, რომ სახელმწიფომ და საზოგადოების წევრებმა აწონ-დაწონონ ის შესაძლო უპირატესობები, რომელთა მოტანაც კომპენსაციის დაწესებას შეუძლია.

საუბარი არაა კომპენსაციაზე, რაც სახელმწიფომ ყოველ უმუშევარ მოქალაქეს უნდა მისცეს.

რომან კაკულიას განცხადებით, მისი აზრით, თავდაპირველად აღნიშნული ფულადი დახმარება უნდა მიიღონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სამსახურებს დაკარგავენ იმის გამო, რომ მათი დამსაქმებელი კომპანიები გაკოტრდნენ ან ბაზარზე კონკურენტუნარიანობა დაკარგეს და ამის გამო, თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვეს.

“თავისუფალი ბაზარი ვიღაცისთვის არის უხილავი ხელი, ხოლო ვიღაცისთვის კი, ეს არის ძალიან მძიმე მუშტი, რომელიც მას სახეში ხვდება", - ამბობს დეპუტატი.

ამასთანავე, კაკულია კრიტიკოსებს პასუხობს და ამბობს, რომ კარგად იცის, უახლოესი წლების საქართველოს ბიუჯეტს აღნიშნული პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა არ ექნება, ხოლო თავად პროექტი კი, ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და მის განსახორციელებლად საზოგადოების ფართო ჩართულობით დისკუსია არის საჭირო.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს საჯარო სამსახურის რეფორმაზე და ამბობს, რომ სახელმწიფომ ადრე თუ გვიან უნდა მიიღოს მტკივნეული გადაწყვეტილება და საკუთარი ბიუროკრატიული აპარატი შეკვეცოს. აღნიშნულ შემცირებას კი, თან სპეციალური კომპენსაციაც უნდა ახლდეს.

“ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ, როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვებისგან არ მესწავლება, რომ არც წლევანდელ ბიუჯეტში და არც მომდევნო წლების ბიუჯეტში ამის რესურსი არ არის. მე ვისაუბრე მხოლოდ სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია:

1)როდის იქნება, რამდენი იქნება ეს კომპენსაცია და საიდან შეიძლება მისი დაფინანსება;
2)ეკონომიკური მიზანშეწონილობა;
3)პოლიტიკური ნაწილი.

პოლიტიკური ნაწილით დავიწყებ და გეტყვით, რომ ამ თანხების წყარო დღეს და ხვალ არ ჩანს, თუმცა მოგახსენებთ, სად ვხედავ მას მე, სად შეიძლება ის გამოინახოს.

ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, იმაზე საუბარი, რომ ეს ცვლილება დასაქმებულების ინიციატივას შეასუსტებს, ამაზე გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევძლებთ ისეთი ხარისხის და იმ რაოდენობის კომპენსაციის გაცემას, რაც შეიძლება უმუშევრობის მოტივაცია გახდეს. იცით, რომ არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ მაღალია აღნიშნული კომპენსაციის მოცულობა.

როდესაც ქვეყანა საკუთარ ეკონომიკას ხსნის საერთაშორისო ბაზრებისთვის და აქვს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა, ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გარკვეული ნეგატიური ფაქტორებიც სდევს თან. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს საკუთარი სურვილი, რომ ამ ნეგატიურ ფაქტორებზე აქვს და ექნება რეაგირების სურვილი.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარების მიღწევები, არ დარჩეს საზოგადოების კითხვის ნიშნის ქვეშ, აუცილებელია, გაგვაჩნდეს თეორიული პასუხი მაინც, იმის შესახებ, რომ ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაცია შეიძლება გვქონდეს და მთავრობას დაგეგმილი აქვს ამაზე ფიქრი.

მაგალითად, თუ კონკრეტული კომპანია საერთაშორისო კონკურენციას ვერ გაუძლებს და გაკოტრდება, მისმა თანამშრომლებმა მიიღონ კომპენსაცია. ეს იქნება პირობა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტისთვის საქართველოს ბაზარზე წვდომა იყოს თავისუფალი.

ვინც ამას არ ეთანხმება, ის რას ეუბნება ადამიანებს, რომლებიც უმუშევრები არიან? ამ წინადადების ბოლომდე დასრულება არავის არ სურს. მე კი გეტყვით, რომ ისინი ეუბნებიან, ცნობილი ქართული სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მის მიმართვას საზოგადოებისადმი, რომელიც საკმაოდ კარგი იუმორით იყო გაჟღენთლი და მე თავად მეტს ვეღარ ვიტყვი. თუ ვინმეს სხვა პასუხი აქვს გამოვიდეს და თქვას.

კომპენსაციის შემოღებას წინ უნდა უძღვოდეს ძალიან სერიოზული რეფორმა საჯარო სამსახურში. ამას სავარაუდოდ, ჩვენი მმართველობის პერიოდში ვერ მოვახერხებთ, მაგრამ ეს ცვლილება აუცილებელია. უნდა მოხდეს დაახლოებით, 30%-ით ჩვენი საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირება, ოღონდ არა ერთთვიანი კომპენსაციის სანაცვლოდ, არამედ, მათ მიეცეთ 1-1.5 წლის განმავლობაში სრულად ის ხელფასი, რასაც იღებდნენ.

თავად ამ რეფორმის ჩატარება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამოხელეო დანაშაულზე, ნეპოტიზმთან და კორუფციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამკაცრდება და სიტყვა ნეპოტიზმი და კორუფცია სამუდამოდ იქნება დავიწყებული სახელმწიფო მოხელეების მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ცვლილების განხორციელება.

ეს არის აუცილებელი იმისთვის, რათა ის 70% ვინც დარჩება სამსახურებში, იყოს ნამდვილად ღირსეული. ხოლო გათავისუფლებული მოხელეების ხელფასი კი, მათი ანაზღაურების ზრდას უნდა მოხმარდეს.

შეიძლება ეს განცხადება არ მოეწონოს ვინმეს, მაგრამ სახელმწიფო მოხელის ხელფასი უნდა იყოს ნორმალური და ისინი უნდა იღებდნენ ისეთ შემოსავალს, რომელიც ღირსეული იქნება. სწორედ ამიტომ ტოვებენ კვალიფიციური კადრები საჯარო სამსახურს და გარბიან კერძო სტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მოხელეთა საშუალო რგოლში კვალიფიკაციის ნაკლებობა განსაკუთრებულად შეინიშნება.

ამის პარალელურად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალი შესაძლებლობების გაჩენას - იქნება ეს საკრედიტო საგარანტიო ფონდები თუ პროფესიული გადამზადების ცენტრები. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მეწარმოებისა და დასაქმების ზრდას. კომპენსაციის შემოღება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაძლებლობათა არეალი გაიზრდება. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.

უმუშევრობის კომპენსაცია თავდაპირველად უნდა დავიწყოთ იმ საწარმოებით, რომლებიც გაკოტრდებიან იმის გამო, რომ დაკარგავენ კონკურენტუნარიანობას. ეს შეიძლება იყოს 6 თვიდან 1 წლამდე.

მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მორალურად წელგამართულებს შეგვეძლოს ვიაროთ, რათა გამოვიყენოთ თავისუფალი ბაზრის უპირატესობები, ისე რომ საზოგადოებაში არ დავაგროვოთ ნეგატიური მუხტი, რომ ადამიანებისგან, რომლებზეც მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ნეგატიურად იმოქმედებს. არ დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალი ბაზარი ვიღაცისთვის არის უხილავი ხელი, ხოლო ვიღაცისთვის კი ეს არის ძალიან მძიმე მუშტი, რომელიც მას სახეში ხვდება. ასეთი ადამიანებისთვასთვის პასუხი, რომ საბაზრო ეკონომიკაში შეიძლება კომპანია გაკოტრდეს, პასუხი არაა. მნიშვნელოვანია, როდესაც ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა იქნება, სიმბოლურად მაინც გაჩნდეს უმუშევრობის კომპენსაცია, რომ მთავრობამ გამოავლინოს საკუთარი კეთილი ნება, რომ ის საზოგადოების ყოველ ფენას ემსახურება,”- ამბობს რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები