ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, „იმპორტის ხელშეწყობა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ასე გამოეხმაურა მაჭავარიანი ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება".
„იმპორტის ხელშეწყობა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ეკონომიკური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტყეს სჭირდება დაცვა. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში. გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ „საერთოდ არაფერს გამორიცხავს“.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
„სოფელ ჭუბერსა და ხაიშში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.

























