საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემაზე კომერციული ბანკებისთვის დაგეგმილ რეგულაციებს აფასებს.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა. არ დაგიმალავთ, მეც მქონდა მქონდა კითხვები. მაგალითად იპოთეკასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა, უფრო ლიბერალურად წავსულიყავით. ასევე, კოეფიციენტებთან დაკავშირებით შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად სწორად არის შერჩეული“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საკმაოდ მოქნილია ეროვნული ბანკი და თუ დაგეგმილი რეგულაციები პრობლემებს შექმნის, შესაძლოა, გადაიხედოს.
„თუმცა ამ ეტაპზე, იმ ჭარბვალიანობისა და ზოგადად, ვალის ზრდის ტემპების კონტექსტში, რასაკვირველია, ეს ადეკვატური ზომა იყო“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ როგორც bm.ge-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების უახლეს პროექტში, რომელიც ჯერჯერობით, საჯარო არაა, 5 საშემოსავლო საფეხური შემცირებულია 4-მდე, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტები გაზრდილია.
კერძოდ, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ჰეჯირებული მსესხებლებისთვის და უცხოური ვალუტის შემოსავლების მქონე არაჰეჯირებული მსესხებლებისათვის შემდეგია:
<ლ1,000 – 20%;
ლ1,000- ლ 2,000 – 30%;
ლ2,000- ლ 4,000 - 45%;
>ლ4,000 - 50%;
ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ პირის შემოსავალი 2000-დან 4000 ლარამდეა, ის შეძლებს სესხის მომსახურებისთვის ყოველთვიურად, წმინდა შემოსავლის მაქსიმუმ 45% მიმართოს.
რაც შეეხება, სესხის მომსახურების კოეფიციენტს ლარის შემოსავლების მქონე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის:
<ლ 1,000 – 20%;
ლ 1,000-ლ 2,000 – 20%;
ლ 2,000- ლ 4,000 - 25%;
ლ 4,000 - 30%;