მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის ნაწილი სოფლებში დაბრუნდება

5d5f97d66d628
BM.GE
23.08.19 11:45
1073
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოს, მათი მოთხოვნებისა და წინადადებების გათვალისწინება მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის სწორ ფორმირებას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.

ამის შესახებ მან ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ირისა და ქვედრულას მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მოვისმინეთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც აქვს მოსახლეობას, კეთდება ძალიან ბევრი პროექტი, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს, თუმცა, ისინი მაინც აყენებენ გარკვეულ საჭიროებებს და ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ როგორც წლევანდელი წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტში ავსახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები და შესაბამისად, ეს პრობლემები მოვუგვაროთ მოსახლეობას. მიმდინარე სამუშაოებისა და „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონის შედეგად, კიდევ უფრო ადვილი გახდება ამ სოფლებში ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დატოვებს, ნაწილს კი დააბრუნებს ამ სოფლებში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეხვედრებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათი განცხადებით, რეგიონში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგზაო და ტურისტული, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხორციელდება მუნიციპალური პროექტები - გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და მიგრაციული პროცესების შეჩერებისთვის რეგიონში. მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად პრობლემად მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი დასახელდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, რეგიონში აქტუალურია სოფლის შიდა გზების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და ინტერნეტიზაციის საკითხები, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გაგრძელდება მუშაობა უახლოეს პერიოდში მათი გადაჭრის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები