ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თბილისში მათი სამუშაო ვიზიტის მიზანია, ეკონომიკური, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საუბარი, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს შეეხო.
"შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურების ეფექტიან მუშაობას, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს", – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

























