ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარი ბრძანება ძალაში დატოვა.
ამის შესახებ მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
შეხვედრა ფინანსთა მინისტრის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით შედგა. საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროში საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.
კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

























