მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრმა რეგლამენტი დაარღვია, მაგრამ სანქცია არ იქნება - რატომ?

5e53fc18148d3
თელარა გელანტია
24.02.20 21:12
1097
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის (კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას და პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. სწორედ ეს რეგლამენტი ავალდებულებდა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მისვლას. მისი მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ მოითხოვეს, მაგრამ მინისტრი არ მივიდა. სამწუხაროდ, რეგლამენტში არაფერი წერია იმაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა თანამდებობის პირი რეგლამენტს არღვევს.

„პოლიტიკოსისთვის ყველაზე მეტი სანქციაა, როცა მას ეტყვიან, რომ დაირღვა რეგლამენტი და ამ შემთხვევაში მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა. ამდენად ის, რომ პოლიტიკური პირი არღვევს რეგლამენტს, ეს ყველაზე მაღალი სანქციაა და ამას არცერთი მინისტრი არ მოისურვებს“, - უთხრა bm.ge-ის ფაქტის შეფასებისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

გურამ მაჭარაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ „ფორმალური თვალსაზრისით, რეგლამენტი დაირღვა“, მაგრამ ამას ახსნას მაინც უძებნის.

„ის, რომ დღეს პროცედურულად ვერ შესრულდა მინისტრის მოსვლის ვალდებულება, ნიშნავს იმას, რომ ფორმალური თვალსაზრისით, რეგლამენტი დაირღვა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის ხომ არაა, რომ რეგლამენტის პროცედურები შესრულდეს?! ჩვენთვის ხომ მთავარია ის, რომ მინისტრების ანგარიშვალდებულება იყოს ეფექტური და პროდუქტიული, ამიტომ რადგან უკვე მეორე შემთხვევაა (პირველი იყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა) როცა მინისტრი მოდის „მინისტრის საათის“ ფორმატში და ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს პროცედურების დაცვის გამო ისევ უწევს მოსვლა კომიტეტზე ანუ უწევს იგივე წრეზე წავიდეს, ეს მიგვაჩნია, რომ არის მეტ-ნაკლებად ხარვეზიანი პროცესი. ამიტომ შეიძლება ერთგვარი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს, ეს კომიტეტის თავმჯდომარეს და მინისტრთან ურთიერთობასაც ეხება... თუ მაგალითად, საღამოს რვა საათზე დასრულდა „მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრის გამოსვლა პარლამენტში და მეორე დილით რვა საათზე უნდა მოვიდეს ისევ კომიტეტზე იგივე თემებზე, ერთ ღამეში რა შეიცვლება?! იგივე კითხვებზე უპასუხებს იგივენაირად... თუ გვინდა, ყოველდღე დავიბაროთ, მაგრამ აზრი აქვს?! მთავარი ხომ პროდუქტიულობაა?! თან რეგლამენტის თანახმად, თუკი ერთი ფრაქციის მოთხოვნით მოდის მინისტრი კომიტეტზე, შემდეგ უკვე 2 თვე ვერ მოიწვევ და როგორ სჯობს, სესიაზე მოიწვიო და მეორე დღესვე კომიტეტზე და მერე 2 თვე საერთოდ ვერ მოიწვიო?!“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

Bm.ge-ის კითხვას - „პრობლემას ვერ ხედავთ იმაში, რომ რეგლამენტი დაარღვია მინისტრმა“, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შემდეგი პასუხი გასცა:

„პრობლემას რომ ვხედავ, რომ რეგლამენტი დაირღვა და მინდა, რომ რეგლამენტი არ დაირღვეს, ამიტომ ვამბობ, ერთი გზაა - შევთანხმდეთ პრაქტიკაზე, რომ როცა „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მოსული მინისტრი და რამე გადაუდებელი არ ხდება, მაშინ ერთი ან ორი კვირის შემდეგ მოვიდეს კომიტეტზე, რათა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ჰქონდეს მინისტრის მოწვევის შესაძლებლობა. ამდენად, რომ აღარ მინდა, რომ დაირღვეს ეს წესი, იმიტომ, რომ ფორმალურად არ მოუწიოს მინისტრს ამ უშინაარსო მოსვლის გამო პროცედურების დარღვევა, ამიტომ ვამბობ ამას, რომ ერთგვარ პრაქტიკაზე შევთანხმდეთ ან თუ მაინცდამაინც საჭირო გახდება, რეგლამენტსაც გადავხედოთ და ცვლილებები შევიტანოთ“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი, რომლის აზრით, „რეგლამენტი მუშა აქტია“.

„რეგლამენტი ისეთი მუშა პროდუქტია და ისეთი მუშა აქტია, რომ მუდმივად ღებულობს ისეთ გამოწვევებს, რომ ექვემდებარება ცვლილებებს. ხვალ-ზეგ ჩვენ გვაქვს გასვლითი სხდომა და დაგროვებული ცვლილებები, რაც არის რეგლამენტში და რაც გვინდა, რომ განვახორციელოთ, ის უნდა განვიხილოთ და ეს პროცესები გაგრძელდება... ამდენად თუ პრაქტიკა ვერ დავნერგეთ, რეგლამენტი რომ გადაიხედოს, მე მგონი, ლოგიკურია, მაგრამ თუ პრაქტიკას დავნერგავთ და პოლიტიკურ ინტერესებს არ მოვარგებთ ამას, ვფიქრობ, უფრო პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

რატომ არ მივიდა ივანე მაჭავარიანი დღეს პარლამენტში?

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელიც 20 თებერვალს „მინისტრის საათის“ ფორმატში“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, დღეს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც უნდა მისულიყო; მისი მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ მოითხოვეს, მაგრამ მინისტრი არ მივიდა.

„დღეს ფინანსთა მინისტრის მობრძანება იყო დაგეგმილი, უნდა გაცნობოთ, რომ მობრძანებას არ აპირებს. მასთან დილით მქონდა კომუნიკაცია და წინა დღეებშიც. ის რჩება იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომელიც მოიწერა და თქვა, რომ თანახმაა მოვიდეს სესიაზე და ახსნას ეს საკითხები, ხოლო კითხვების დარჩენის შემთხვევაში, თანახმა იყო მოსულიყო კომიტეტზე. მე მას ვესაუბრე და ვეცადე დამერწმუნებინა, რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

Bm.ge დაინტერესდა, რა წერილს გულისხმობდა რომან კაკულია და როდის მიიღო ის კომიტეტმა ივანე მაჭავარიანისგან.

როგორც გავარკვიეთ, წერილში, რომელიც ფინანსთა მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს 14 თებერვალს გაუგზავნა, მაჭავარიანი წერს, რომ თუ „მინისტრის საათის“ ფორმატში მისვლის შემდეგაც დარჩებოდათ დეპუტატებს კითხვები, მაშინ მზადაა, პარლამენტში კიდევ მივიდეს.

„თქვენი მიმდინარე წლის 13 თებერვლის N1817/4-6/20 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2020 წლის 18-21 თებერვლის კვირაში დაგეგმილია ჩემი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში და სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის წევრებს წარმოვუდგენ დეტალურ ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, რომელთა განხილვის მიზნითაც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 2020 წლის 23 იანვრის N2-1127/20 წერილით ითხოვენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის დასწრებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ზემოხსენებულ ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე გამოსვლის შემდეგ, თუ კიდევ დარჩება ღია საკითხები/პასუხგაუცემელი შეკითხვები, გამოვთქვამ მზადყოფნას, საკომიტეტო ფორმატშიც მივიღო მონაწილეობა საკითხების განხილვაში და ვუპასუხო პარლამენტის წევრების შეკითხვებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერს.

მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა მედიასთანაც განმარტა, თუ რატომ არ მივიდა დღეს პარლამენტში. მისი თქმით, ის სამი დღის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა პარლამენტში და თუ დეპუტატებს კითხვების დასმა უნდოდათ, ამის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„მე არ ვიტყოდი, რომ პარლამენტში მისვლას ავარიდე თავი, შესაძლოა, რეგლამენტით ვალდებული ვარ, რომ პარლამენტში მივიდე, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, "მინისტრის საათის" ფორმატში ვიყავი პარლამენტში და იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე იმ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული, ხოლო მანამდე კომიტეტში წერილი გავგზავნე, რომ მივიდოდი პარლამენტში და ყველა კითხვაზე გავცემდი პასუხს, ხოლო დამატებით საჭიროების შემთხვევაში, მივიდოდი კომიტეტზე. თუმცა მათ სხდომა დატოვეს ფაქტობრივად და არცერთი კითხვა არ დასვეს ანუ მათ არათუ კითხვებზე პასუხები კი არ აინტერესებდათ, არამედ მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენა იძლევა მეტი სპეკულაციის საშუალებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები