მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო აუდიტის სამსახურს პასუხობს და აცხადებს, რომ ბიუჯეტს ეფექტიანად ითვისებენ

5fc7a0bc4441f
BM.GE
02.12.20 22:05
963
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პასუხობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მთავრობა წლის ბოლო კვარტალში ბიუჯეტის რესურსების ათვისების მიზნით ხარჯებს გაზრდის, რის შედეგადაც იზრდება რისკი, რომ ეს ხარჯები არაეფექტიანად იქნას ათვისებული, არის უსაფუძვლო.

“არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე. რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს არის შემდეგი: პანდემიის პირობებში, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც 600 მლნ ლარით შემცირდა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემცირდა იმგვარი პროგრამების დაფინანსება, რომელთა ათვისებაც დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ განხორციელდა და აღნიშნული თანხები მაქსიმალურად მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის მიმართულებით.

რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და დღესაც, ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალური შეზღუდვებით მიმდინარეობს იმისათვის, რომ არსებული ეკონომიები ერთი მხრივ, მოხმარდეს ანტიკრიზისული პაკეტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობებს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, მიიმართოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვითი ღონისძიებების მხარდაჭერისკან,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ ბიუჯეტის შესრულების 8 თვის მაჩვენებლებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ეხება იმ რისკებს, რომ წლის ბოლო კვარტალში მთავრობამ დაბალი ათვისების მქონე პროგრამების შესრულებისთვის დიდი ოდენობის ხარჯები შეიძლება გასწიოს, რაც არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს ზრდის.

“თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გასულ წლებში გადასახდელების ათვისება წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში თანაბარზომიერად არ მიმდინარეობდა და ძირითადად კონცენტრირებული იყო დეკემბერზე, ასევე იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, 2020 წლის ბოლოსაც მოსალოდნელია ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული კი ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკს,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები