"ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა ე.წ "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვის გათვალისწინებული გადასახადების დაფარვის ვადებთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
საუბარია იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.
როგორც ყავლაშვილი აღნიშნავს, დღემდე არსებული რეგულაციით საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია პრეფერენციული პირობით სარგებლობდა, საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა მათთვის 30 დღის ვადით იყო განსაზღვრული, ხოლო ახლა ეს კომპანიები საშუალო და მცირე ბიზნესთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან.
"მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან და ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ამ ბიზნეს სუბიექტებს გონივრული ვადა მიეცათ ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის. არააქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა 30 დღის ვადით განესაზღვრათ, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს – 10 დღის ვადით", - განმარტა ყავლაშვილმა.

























