მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლაში დაეხმარება - ანგარიში

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლასა და ფინანსური რესურსის დამოუკიდებლად მოზიდვაში დაეხმარება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილის 2023 წლის ძირითადი პარამეტრების ანგარიშშია ნათქვამი, რომლითაც ფინანსთა მინისტრი ხვალ პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს.

ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე აიტვირთა, ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საწარმოების მოგებიანობის დადებითი ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა მიუხედავად ამისა საწარმოები ეკონომიკური შოკების მიმართ მოწყვლადები რჩებიან და ამიტომ ახლა უმთავრესი ამოცანა პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაა.

„შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე და მომდევნო წლებშიც, როგორც სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველი უწყება, ორიენტირებული ვიქნებით საწარმოების ფინანსური რისკების შემცირებაზე და ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორედ ამ მიმართულებით გამოვიყენებთ. ამავდროულად ჩვენ ხელს შევუწყობთ სახელმწიფო საწარმოებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლასა და ფინანსური რესურსის დამოუკიდებლად მოზიდვაში, რაც რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, გაგრძელდება მუშაობა საწარმოების კორპორაციული მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები