მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს პასუხობს

5d454bd8ec404
ელენე გოგბერაშვილი
03.08.19 14:00
1001
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლების განცხადებით, სერვისის განმახორციელებელი კომპანიებისგან თიზ-ში ოპერირების დაწყების მზაობა არის, მაგრამ 2016 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით ეს ვერ ხორციელდება. მათი თქმით, მთავრობამ დაიტოვა უფლება განსაზღვროს ის მომსახურებები, რომელიც არ დაიბეგრება, მაგრამ ეს განსაზღვრული ამ დრომდე არ არის.

ფინანსთა სამინისტროში განგვიმარტეს, რატომ არის თიზ-ის კომპანიების მიერ მომსახურების გაწევა შეზღუდული.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 ნაწილის შესაბამისად, თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა შეზღუდულია. თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების დაშვება და შესაბამისად, თიზ-ში არსებული საგადასახადო პრეფერენციების დაწესება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოში არსებული ზოგიერთი კომპანიის ფორმალურ რეგისტრაციას თიზ-ში, იქ საქმიანობის მიზნის გარეშე, რაც თავისთავად არც ადგილზე წარმოებას განავითარებს და შესაბამისად, არც სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ანალოგიურ მომსახურებას შეიქმნება არაკონკურენტუნარიანი გარემო.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სხვადასხვა საგადასახადო ჯგუფის წევრი (მათ შორის: BEPS - Base erosion and profit shifting), რომლის ფარგლებშიც ხდება საქართველოში მოქმედი საგადასახადო რეჟიმების შეფასება.

შეფასების შედეგად დგინდება, რამდენად დამაზიანებელია რეჟიმი საერთაშორისო დაბეგვრის მხრივ. შეფასების შედეგად შესაძლებელია დადგეს შემდეგი: ა) რეჟიმი არ არის დამაზიანებელი, ბ) რეჟიმი დამაზიანებელია და უნდა მოხდეს მისი მოდიფიცირება, გ) რეჟიმი დამაზიანებელია და უნდა მოხდეს მისი გაუქმება. შეფასებისას ამოსავალი წერტილია რამდენად ხორციელდება კონკრეტული რეჟიმის პირობებში აქტიური ეკონომიკური საქმიანობა იმ კონკრეტულ ადგილზე სადაც დაფუძნებულია მეწარმე სუბიექტი. საქართველომ 2017 წელს გაიარა თიზ-ის რეჟიმის შეფასება და დადგინდა, რომ მოქმედი რეჟიმი არ არის დამაზიანებელი საერთაშორისო დაბეგვრისთვის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ევროკავშირმა განაახლა ქვეყნების სია (ე.წ. Black List), რომლებიც არ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს - არ აქვთ საგადასახადო გამჭირვალობის შესაბამის სტანდარტი და აქვთ დამაზიანებელი პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმები.

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო სისტემა (მათ შორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონასთან დაკავშირებული მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები), სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა სტანდარტთან.

აღნიშნული შეფასებები, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონასთან დაკავშირებული მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები ორიენტირებულია მხოლოდ ადგილზე წარმოებაზე და ამ რეჟიმის პირობებში აქტიური ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანიას საქონლის წარმოების გარდა მიეცემა მომსახურების გაწევის უფლება, მაღალი ალბათობით საქართველო წარმატებით ვერ გაივლის მომდევნო შეფასებებს“-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები