ფინანსთა სამინისტრომ ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილება უკან წაიღო. საუბარია გამონაკლის უფლებაზე, რომელიც განათლების რეფორმის საჭიროებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს ენიჭებოდა. ცვლილების პროექტით, რომელიც სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან ერთად პარლამენტში შეიტანა, უწყებას უფლება ეძლეოდა, ბიუჯეტის დაგეგმვის ფისკალური წესებისთვის გვერდი აევლო იმ შემთხვევაში, თუკი ფული განათლების რეფორმისთვის იქნებოდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ "ეკონომიკური თავისუფლების კანონის" მიხედვით, ბიუჯეტი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ დეფიციტი 3%-ს არ აჭარბებდეს, ცვლილებით კი სამინისტროს ამ ზღვრის დარღვევის უფლება ეძლეოდა ერთჯერადად და მხოლოდ სამ საბიუჯეტო წელს, ამ ნორმას კი 2025 წლამდე უნდა ემუშავა. ,, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად აღნიშნული გამონაკლისი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. განათლების რეფორმის კონცეფციის შემუშავების პარალელურად შემუშვდება რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა, რაც მოსალოდენელია, რომ გავლენას მოახდენს დეფიციტის მაჩვენებელზე, თუმცა ამ მიზნით გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა კანონში აღარ აისახება.”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ, პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვისას, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა აუდიტის სამსახურს. უწყება განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ ხარჯებზე მეტ კონკრეტიკას ითხოვდა.