მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრომ "ფრესკოს" დამფუძნებლის განცხადებაზე შიდა მოკვლევა დაიწყო

5c8272ea5b7b4
სალომე მეცხვარიშვილი
08.03.19 17:48
1730
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას. უწყებაში განმარტავენ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო მოკვლევა ვასილ სოფრომაძის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს თანამშრომლები “ფრესკოში” იპარავენ საქონელს და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს.

“პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.

აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.

შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს.

ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო",- ნათქვამია განცხადებაში.


“მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, სადაც თქვენი თანამშრომლები ჩემს მაღაზიაში იპარავენ?!”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები