ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული გამარტივებული კონკურსზე უმაღლესი განათლების მოთხოვნა (ბაკალავრი) „დაგროვებითი პენსიის“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებმა განსაზღვრა.
საქმე იმაშია, რომ ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. მოთხოვნებს შორისაა: მინიმალური განათლება - ბაკალავრი, სამუშაო გამოცდილება - 5 წელი, პროფესია: ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს სამართალი.
მინიმალურ მოთხოვნებში მხოლოდ ბაკალავრის ხარისხმა საზოგადოების ნაწილში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი კითხვა გააჩინა, ამიტომ Bm.ge-მ ივანე მაჭავარიანის უწყებას ორი კითხვით მიმართა: 1. რატომაა მითითებული მინიმალურ მოთხოვნად მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი და 2. რატომ ხელფასი 10 000-15 000 ლარი?
ფინანსთა სამინისტროდან სააგნტოს ასევე წერილობით უპასუხეს:
„კანონმა განსაზღვრა უმაღლესი განათლების მოთხოვნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოთხოვნაა ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, რაც გაცილებით უფრო მაღალი მოთხოვნის კრიტერიუმია და საშუალებას იძლევა აღნიშნულ პოზიციაზე შეირჩეს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრი. თუმცა, განათლების ხარისხის დონე იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შერჩევის პროცესში.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის უპირველესი პასუხისმგებლობაა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს ჩამოყალიბება და მართვა, შენატანების ადმინისტრირება და აღრიცხვა, ასევე პენსიის გაცემის უზრუნველყოფა, გარდა ამისა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია შერჩეული კანდიდატი იყოს შესაფერისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, ხოლო მისი ანაზღაურება, აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი“, - განმარტეს სამინისტროში.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული გამარტივებული კონკურსი 15 დღეში დასრულდება.