ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებული პირებისათვის ქვეყნის დატოვება აიკრძალება. შეზღუდვა ძალაში იქამდე იქნება, ვიდრე დამნაშავედ ცნობილი მოქალაქე თანხას სრულად არ გადაიხდის ან დაზარალებულისგან შესაბამის ნებართვას არ მიიღებს. სექტემბერში ერთხელ უკვე შეცვლილი კანონი ქართულმა ოცნებამ კიდევ გაამკაცრა.
ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული კანონპროექტიდან, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით მიიღო, სასჯელის მოხდის შემდეგ 16 წლიანი შეზღუდვა ქვეყნის დატოვებაზე გაუქმდა. ამას გარდა, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერით.
კანონის დახვეწა “ქართულმა ოცნებამ” მისი მიღებიდან ერთ თვეში გადაწყვიტა. სექტემბერში მიღებული კანონით, თუ მსჯავდებული ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ქონა ეკრძალება. 2024 წლის მონაცემებით საარსებო მინიმუმი მხოლოდ 260 ლარია.
ფინანსურ დანაშაულზე კანონები რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის და ახლა უკვე პარტიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის “ინსპირაციით“ გამკაცრდა, ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრებს არც დაუმალავთ. „კრიპტოვალუტის საქმეზე“, სადაც თავად ივანიშვილია დაზარალებული, ბაჩიაშვილს 11 წელი აქვს მისჯილი და მისგან ივანიშვილი 9000 ბიტკოინის გადახდას ითხოვს, რაც დღეის მდგომარეობით თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ე.წ ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები არაადამიანურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
“ამ ცვლილებებს არავითარი კონსტიტუციური ახსნა არ გააჩნია, იმიტომ, რომ პირდაპირ არის პირის მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის დამკანონებელი ნორმებია. ეს ცვლილებები, ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანს, რომელიც მძიმე ფინანსურ დანაშაულშია მსჯავრდებული, ფაქტობრივად ვერ მიიღებს ორმაგ საარსებო მინიმუმზე მეტ შემოსავალს და მას 500 ლარს ზემოთ არსებობის შესაძლებლობა ერთმევა. ქართულ რეალობაში 500 ლარით არსებობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ანუ ვიღებთ მდგომარეობას, რომ ადამიანს ქვეყნის დატოვებაც და ქვეყნის შიგნით არსებობაც ეკრძალება. მასშტაბი არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი, ვისთან მიმართებითაც ბიძინა ივანიშვილს ან "ქართულ ოცნებას" გარკვეული ფინანსური მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ. აქ მასშტაბი გაცილებით დიდია და ნებისმიერ ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს შეეხება", - ამბობს სიმონიშვილი.



























