მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინანსურ სექტორს "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის სათანადო დაცვისკენ მოვუწოდებთ"

5810afb5c4ff9
BM.GE
26.10.16 17:26
1493
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსურ ინსტიტუტებს უკანონოდ მოპოვებული ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის აღკვეთის პროცესში თავიანთი როლის გათავისებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ დღეს მსოფლიო რეგულატორების ყურადღების ცენტრშია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და კიდევ მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებს და არიან სუბიექტები, რომლებმაც უნდა დაიცვან ეს კანონმდებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონმდებლობის დაცვა იქიდან გამომდინარე, რომ თუ მისი დაცვა არ მოხდება, შესაძლოა, ფინანსური სისტემის რისკები გაიზარდოს და ზოგადად, ქვეყნის ფინანსური რეპუტაციაც კი, კითხვის ნიშნების ქვეშ დადგეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს.

"ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს, შესაბამისობაშია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებთან. ახლა უკვე ჩვენი საქმეა, კარგად შევასრულოთ ეს კანონმდებლობა. ამიტომ მინდა მოვუწოდო ფინანსურ ინსტიტუტებს გაითავისონ თავიანთი როლი უკანონოდ მოპოვებული ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის აღკვეთის პროცესში. თუკი ამ ინსტიტუტებს კანონთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, მზად ვართ მივაწოდოთ განმარტებები, რადგან საბოლოო მიზანი ქვეყნის მსგავსი პრობლემებისგან დაცვაა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები