ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სანქციები მკაცრდება - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც 25 მარტით თარიღდება. კერძოდ, მიდგომები მკაცრდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და საკრედიტო კავშირების მიმართ.
ცვლილებების მიხედვით დადგენილია ჯარიმები:
1. ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან შემუშავებული ფორმითა (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში "ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. "საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
4. „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით“.

























