მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საპასუხო წერილი BM.ge-ის TBC ბანკის საქმეზე

5c667e04ec625
თელარა გელანტია
15.02.19 12:51
1502
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა და ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

მარეგულირებლის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

ეროვნული ბანკის ამ მოთხოვნას წინ უძღოდა 9 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ უწყებას სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის მიერ 10 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ მუხლით გამოძიება აქვს დაწყებული.

მალევე გაირკვა, რომ სწორედ აღნიშნული ტრანზაქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც თავის მხრივ, ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან მიიღო, TBC ბანკი 1 მლნ ლარით დააჯარიმა - კონკრეტული მუხლი უცნობია. TBC-მა სებ-ის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე მიმდინარეა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ერთ კვირაში, დამატებითი ინფორმაციების და დეტალების მიღების მიზნით, BM.ge-მ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 4 კითხვა გაუგზავნა:

1. როდის და ვისგან მიიღო შეტყობინება ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2008 წელს განხორციელებული $17 მლნ დოლარის ტრანზაქციის შესახებ, რომლის შემდეგაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა დაიწყო ?

2. 2008-2018 წლების პერიოდში ფინანსური მონიტორინგის სამსახურს TBC ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული რომელი/რა ტრანზაქციები შეუმოწმებია და რა შედეგი დამდგარა?

3. რამდენი თვე/წელი სწავლობდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნულ საქმეს/ტრანზაქციას?

4. TBC ბანკის ადმინისტრატორების და ცალკეული აქციონერების ფინანსურ აქტივობაში, კონკრეტულად რა აქტივობა ჩათვალა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დანაშაულის შემცვლელად?

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა bm.ge-ის კითხვებს 5 თებერვალს ასევე წერილობით უპასუხა.

საპასუხო წერილში, რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვალერიან ხასაშვილის სახელით მივიღეთ, აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახური მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, მოგვაწოდოს დეტალური ინფორმაცია.

BM.ge წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებული ინფორმაციის დაცვის გარანტიები. კერძოდ, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი კრძალავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) უფლებას შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირს ან სხვა პირს, რომ, ამ კანონით განსაზღვრული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე, გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს.

ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე.

ამასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელების ან თანამშრომლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდების ფაქტის გამჟღავნება დასჯადია სისხლის სამართლის წესითაც (მუხლი 2021). ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ სამართლებრივ საფუძველს მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი შეკითხვების ირგვლივ.

პატივისცემით,
ვალერიან ხასაშვილი
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
05.02.2019 წელი.

ცნობისთვის: იანვრის შუა რიცხვებში TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით bm.ge-მ დამატებითი კითხვებით საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მიმართა, მაგრამ კითხვებზე დეტალური პასუხისგან მარეგულირებელმაც თავი შეიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები