მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსური სფერო და არქიტექტურა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მათ შორის მედიატორი აუცილებელია" - NK Consulting-ი

ალექს მაღლაკელიძე

"სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში საპროექტო ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთულად გასამართია", - ამის შესახებ მშენებლობის მართვის კომპანია NK Consulting-ის პარტნიორმა, ალექს მაღლაკელიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. მისივე თქმით პროექტ-მენეჯერს, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს წარმატებით უძღვება, ხშირად უჭირს საპროექტო ფაზის ეფექტიანად მართვა.

ამას გარდა, NK Consulting-ის პარტნიორი ყურადღებას ამახვილებს ბაზარზე კადრების დეფიციტზეც და დასძენს, რომ სექტორის განვითარებისთვის ახალგაზრდა თაობის მომზადება და მათში ინვესტირება გარდაუვალი პროცესია.

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ზუსტად გამოცდილებაა. თუ სტანდარტულ პროექტ-მენეჯერს მშენებლობის ეტაპზე პროექტის მართვა ძალიან კარგად შეუძლია, მშენებლობამდელ (საპროექტო) ეტაპზე ეს ძალიან ჭირს.

როგორც გამოცდილებამ აჩვენა, კარგი დიზაინ-მენეჯერისთვის აუცილებელია არქიტექტურული განათლება, თუმცა მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს გამოცდილება უნდა ჰქონდეს სამშენებლო ნაწილშიც, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს მასალები და კონსტრუქციები, ფლობდეს უცხო ენებს (ვინაიდან დღეს საერთაშორისო პროექტების მართვა ხდება), ჰქონდეს დარწმუნების უნარი, შეეძლოს დამკვეთის მოსმენა და მიღებული ინფორმაციის არქიტექტორისთვის კარგ "ბრიფად" გარდაქმნა.

ფინანსური სფერო და არქიტექტურა სრულიად სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ამიტომ მათ შორის ხიდისა და მედიატორის არსებობა აუცილებელია. თუ ოდესმე შეხვედრიხართ არქიტექტორს, ალბათ იცით, რომ ისინი უფრო კრეატიული ადამიანები არიან და ორგანიზების უნარი ნაკლებად აქვთ. არსებობენ გამონაკლისებიც და ჩვენ ზუსტად ამ გამონაკლისებზე „ვნადირობთ“ ხოლმე.

დიზაინ-მენეჯერი უნარების ისედაც იშვიათი ნაზავია, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ახალ თაობას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავუზიაროთ, მეტი ვიმუშაოთ მათთან და ასეთი რთული პროექტებით მეტი ინსპირაცია მივცეთ. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ დარგის გაუმჯობესებაში. ეს გარდაუვალია, დღეს ისეთი ინვესტიციები ხორციელდება, რომ სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალ თაობაში ინვესტირება აუცილებელია", - განაცხადა მაღლაკელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები