ქართული კრაფტ ლუდის ლუდსახარშის Bayo Brewery-ის თანადამფუძნებელი გიორგი მარუაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ წელს ქართული კრაფტ ლუდის პირველი ექსპორტი ფინეთში წარმატებით მიმდინარეობს და აპრილის შუა რიცხვებში კიდევ მეორე პარტია - 1 500 ბოთლი ლუდი გაიგზავნება.
“უკუკავშირი ამ ბაზრიდან ძალიან კარგი იყო. არც ველოდით თუ ასეთი პოზიტიური უკუკავშირი გვექნებოდა. პირველი შეკვეთა თებერვალში გავგზავნეთ და მეორე შეკვეთას ცოტა მოუმზადებელიც კი შევხვდით. ახლა მეორე პარტია, დაახლოებით 1 500 ბოთლი, მალე გაიგზავნება, ხოლო შემდგომი ინტენსივობას და სიხშირეს მიღებული გამოცდილების მიხედვით შევხედავთ.
ჯერ ექსპორტთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილად ვიქცევით. ჩვენი პრიორიტეტი ამ ეტაპზე მაინც შიდა ბაზრის განვითარებაა. უკვე გამოვჩნდით ბათუმში, გვაქვს მოთხოვნები ბორჯომიდან, რაჭიდან, ქუთაისიდან. ეს ძირითადად სპეციალიზებული ლუდის ბარები, პაბები და მაღაზიებია, სადაც ჩამოსასხმელი ლუდი იყიდება“, - აღნიშნავს მარუაშვილი და დასძენს, რომ პროდუქციის ექსპორტი უფრო კონკრეტული ინიციატივების და ინტერესის საფუძველზე მოხდა.
აღსანიშნავია, რომ Bayo Brewery ამავე დროს წარმოების განვითარებაზეც მუშაობს. მწარმოებლის განმარტებით, წელს ძირითადი ფოკუსი წარმოების ოპტიმიზაციაზეა - საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია, ლუდის ჩამოსხმა კეგებში, კეგების რეცხვა, რაც ნაწილობრივ მექანიკურად ხორციელდებოდა, ახლა სრულად ავტომატიზდება: „წარმადობის ზრდა დაგეგმილია, მაგრამ ჯერ სრულ აღჭურვას და ოპტიმიზაციას ვაკეთებთ. სპეციალური დანადგარები, რომლებიც დაახლოებით 10 000 დოლარი დაჯდა, წარმოების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. რაც შეეხება სეზონს, ჩვენი პროგნოზებით დატვირთვა გაზრდილია და ზაფხულის შემდეგ დავგეგმავთ შემდგომი ზრდის ნაბიჯებს“, - დასძინა მარუაშვილმა.




























