საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის, დავით კიკვიძის განცხადებით, ქართული ფინტექ კომპანიების უმრავლესობა საზღვრებს მიღმა გაფართოებისთვის მთავარ აქცენტს აზერბაიჯანზე აკეთებს. როგორც დავით კიკვიძემ BMG-ის ბაქოს ბიუროსთან ინტერვიუში აღნიშნა, ქართული კომპანიების აქცენტი აზერბაიჯანზე უპირველეს ყოვლისა იმითაა განპირობებული, რომ ეს ქვეყანა უდიდესი ბაზარია.
“აზერბაიჯანს აქვს ძალიან კარგი ტემპი და პოზიცია განვითარების კუთხით, გარდა ამისა, აზერბაიჯანული კომპანიებიც ფიქრობენ ქართულ ბაზარზე შემოსვლას, ვინაიდან საქართველო გახდა კავკასიის რეგიონში ერთგვარი ჰაბი. საქართველოდან შესაძლებელია ბიზნესის კეთება სხვა ქვეყნებში, არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მაგალითად უზბეკეთში, ყაზახეთში და უფრო დიდ ბაზრებზე, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ცენტრში არიან”, - განაცხადა დავით კიკვიძემ და დასძინა, რომ საქართველოს ფინტექ ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება.
ამასთან, მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობაა.
“საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთადაც შეიძლება შექმნან რეგულაციები, მაგალითად მონაცემების, ინფორმაციის გაცვლის, სერვისების ერთმანეთის მოქალაქეებისთვის შეთავაზების კუთხით და სხვა. ამიტომაც ვცდილობ, რომ აზერბაიჯანთან მუდმივად კონტაქტზე ვიყო და ერთგვარი შუამავლის როლიც შევასრულო აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, ასევე ქართულ კომპანიებთან, რათა ისინი აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდნენ”, - აღნიშნა მან.