გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის აზრით, „ფიქტიური კოოპერატივების არსებობას აზრი არ აქვს და ამ შემთხვევაში, რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის“.
ამის შესახებ დავითაშვილმა bm.ge-ის საქართველოში 1020 კოოპერატივისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზის კომენტირებისას განუცხადა.
„ეს არ არის მარტივი პროცესი, რთული გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე ჩვენ კოოპერაციულ მეურნეობებს ჩამოვაყალიბებთ ქვეყანაში. დღეს, საქართველოში 1000-ზე მეტი კოოპერატივია, წარმოიდგინეთ, ამდენივეა ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც ანუ რაოდენობა აქ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი იქნება მოცვა ფერმერებისა და ადგილმდებარეობის და რამდენად მდგრადები იქნებიან ისინი. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი სელექცია მოხდეს და კოოპერატივები, რომლებიც იარსებებენ, გაძლიერდნენ. ფიქტიური კოოპერატივების ყოფნას აზრი არ აქვს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებს გათავისებული ჰქონდეთ; დარწმუნებული ვარ, ფერმერების ის ნაწილი, რომლებიც კოოპერატივში გაერთიანებულები იყვნენ და დღეს შეიძლება იმ ორგანიზაციის ნაწილი არ იყოს, უკვე მდგრად კოოპერატივებში გაერთიანდებიან და განაგრძობენ საქმიანობას“, - განაცხადა BM.ge-თან სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შეგახსენებთ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 1020 კოოპერატივს აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი შეწყვეტილი, თუმცა 11-მა მათგანმა სტატუსი ხელმეორედ მიიღო. ამასთან, როგორც სააგენტოში Bm.ge-ის განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, სულ საქართველოში 1123 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

























