სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. სააგენტო მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, სააგენტომ საქართველოს რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB- დონეზე განსაზღვრა.
რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებს შრის Fitch მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და საგარეო ვალის მშპ-სთან მოცულობას ასახელებს. მიზეზად მცირე მოცულობის შიდა დანაზოგები და იმპორტზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება სახელდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში მაღალია დოლარიზაციის წილი, თავად ეკონომიკა კი მგრძნობიარეა საგარეო ფაქტორების, მათ შორის მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების მიმართ.
სააგენტო ხაზს უსვამს IMF-ის პროგრამის მიმდინარეობის წარმატებას.
„პროგრამა ითვალისწინებს საფინანსო სექტორის გაძლიერებას, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სრულყოფილად ამოქმედებას და ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდას. მიმდინარე წელს მთავრობა საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას გეგმავს, ამასთან იგეგმება სტრუქტურული რეფორმების გატარება ფისკალური ფინანსირების მიმართულებით“, - აღნიშნულია სააგენტოს სარეიტინგო მიმოხილვაში.
Fitch აღნიშნავს, რომ 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ექსპორტის ზრდამ და ეკონომიკურმა გამოჯანსაღებამ იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ქართული დიასპორაა წარმოდგენილი, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ფულადი გადმორიცხვების ზრდას. თუმცა სააგენტო მიმდინარე წელს ექსპორტის პოზიტიური გავლენის ნეგატიურით შეცვლას ელოდება. მიზეზად დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად გაზრდილი იმპორტი სახელდება.
Fitch-მა უცვლელად დატოვა ინფლაციის პროგნოზი - 3.5%. აღნიშნული 0.5%-ით მაღალია, ვიდრე სებ-ის პროგნოზი 2019 წლისთვის. მიზეზად Fitch ლარის შესაძლო გაუფასურებას, გლობალურ ბაზარზე ფასების ცვლილებას და ენერგო ტარიფების ზრდას ასახელებს.
სააგენტო საბიუჯეტო დეფიციტის 3.2%-ზე შენარჩუნებას ელოდება. Fitch აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მთავრობის შემოსავლებზე დამატებით გავლენას იქონიებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო რეფორმა. სააგენტო წერს, რომ ზუსტი გათვლა თუ რამდენი დააკლდება აღნიშნული რეფორმის ფონზე ბიუჯეტს არ არსებობს, თუმცა ცნობია, რომ ის საქართველოში მოქმედ 120,000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს შეეხება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე დადებითად იმოქმედებს ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

























