სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე შეცვალა, B+ დონეზე.
საქართველოს რკინიგზა 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. საშუალოვადიან პერიოდში Fitch საქართველოს რკინიგზის მფლობელის ცვლილებას არ ელოდება, თუმცა წერს, რომ მთავრობას კომპანიის 25%-ის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ევრკავშირის დირექტივები ტრანსპორტის სფეროზეც გაავრცელოს, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს რკინიგზას. კერძოდ, 2022 წლისთვის უნდა მოხდეს ინფრასტრუქურის განცალკევება, რაც ასევე მოახდენს გავლენას GR-ის ბიზნესზე და მის მონოპოლიურ მდგომარეობაზე.
სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 198.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4.2 მლნ ლარით აღემატება. რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტვირთების გადაზიდვაზე მოდის, - ამ გზით რკინიგზამ იანვარ-ივნისში 140.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთების გადაზიდვით მიღებულიშემოსავალი 11.5 მლნ ლარით შემცირდა. 32.6 მლნ ლარამდე გაიზარდა ლოგისტიკური სერვისებით მიღებული შემოსავალი, სამგზავრო მომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა კი 9.4 მლნ ლარი შეადგინა. ვაგონების გაქირავებით რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 12 მლნ ლარისშემოსავალი მიიღო.
შემცირდა რკინიგზის მოგება და მან წლის პირველ ნახევარში 74.4 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები წლების მიხედვით:
• 2012 - 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 350 მლნ ლარი
• 2013 - 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 364 მლნ ლარი
• 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 382.7 მლნ ლარი
• 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 440 მლნ ლარი
• 2016 - 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 292,6 მლნ ლარი
• 2017 - 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 312,9 მლნ ლარი.