საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია.
ამასთანავე, ეკონომიკის განვითარების მოლოდინი ახალი რეიტინგით არის "სტაბილური."
Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება.
Fitch-ი მეორე სარეიტინგო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაზარდა. 2017 წელს Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.
Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითად პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს:
· ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
· 2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით.
· ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირების პოლიტიკასთან.
· სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაჯანსაღება 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.
· რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.
· საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.
რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით,საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.

























