მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა “სილქნეტის” საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

5fdcf0bef01d9
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.20 22:10
1388
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა “სილქნეტისთვის” საკრედიტო რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის რეიტინგი “B+”-დან “B”-მდე შემცირდა. ახალი რეიტინგის მოლოდინი კი “სტაბილურით” განისაზღვრა.

Fitch-ი საკუთარ გადაწყვეტილებაში კომპანიის შემოსავლებსა და ვალებს შორის გაზრდილ სხვაობაზე მიუთითებს, ამასთან აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდება.

ამასთანავე, Fitch-ის გადაწყვეტილებაში საუბარია “სილქნეტის” მიერ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ. “2019 წელს “სილქნეტმა” თბილისის ცენტრში 20,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სათაო ოფისის განთავსების მიზნით, $20 მილიონ დოლარად დაკავშირებული მხარისგან შეიძინა. თანხის გადახდა ორ ტრანშად, 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში მოხდა” - წერს Fitch-ი.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Fitch-ი დაკავშირებულ მხარეებთან და მფლობელებთან ურთიერთობას არსებულ ვითარებაში შესაძლო რისკ-ფაქტორად მოიაზრებს.

Ficth-ი აღნიშნავს, რომ “სილქნეტი” გაცვლითი კურსის რისკის მიმართ მოწყვლადია, რადგან ჯგუფის შემოსავლის 95% ქართულ ლარშია ნომინირებული, სესხების 95% კი აშშ დოლარში, თანაც მათი 73% არაჰეჯირებულია.

Fitch-ის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში “სილქნეტის” შემოსავალი წლიურად 5.3%-ით, მესამე ვარტალში კი 4.6%-ით შემცირდა.

სხვა დაღმავალ რისკ ფაქტორებს შორის Fitch-ი რეგულატორულ რისკს ასახელებს, რაც კომუნიკაციების მარეგულირებლის მხრიდან კომპანიისთვის მომსახურების ღირებულების დამოუკიდებლად ფასდადების შეზღუდვაში მდგომარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე “სილქნეტმა” $200 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 5 წელს შეადგენს და მათი სარგებელი 11%-ია.

2019 წლის განმავლობაში “სილქნეტის” კონსოლიდირებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა და მან 387 მილიონ ლარს მიაღწია.