საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა გამოაქვეყნა სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და დაადასტურა ქვეყნის გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი "BB-" დონეზე, სტაბილური პერსპექტივით. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა, გარკვეული სტრუქტურული და გეოპოლიტიკური რისკები კვლავაც ზღუდავს რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას. არსებული მდგომარეობით, საქართველო სომხეთზე ერთი საფეხურით წინაა და მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა, აზერბაიჯანი კი კავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი "BBB-" აქვს Fitch-ისგან მინიჭებული.
Fitch-ის თანახმად, სომხეთის სუვერენულ რეიტინგზე მოქმედი ძირითადი დადებითი მხარეებია:
ეკონომიკური ზრდა: სომხეთის მშპ-ის ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალში 5.2% იყო. განსაკუთრებით ძლიერად გაიზარდა ფინანსური მომსახურების (27.5%) და მშენებლობის (14%) სექტორები. საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ამულსარის ოქროს საბადოს ამუშავება, რაც დამატებით ეკონომიკურ იმპულსს შექმნის.
მაკროეკონომიკური სტაბილურობა: ინფლაცია 2025 წლის პირველ ნახევარში საშუალოდ 3.3%-ს შეადგენდა, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელში ჯდება. ფულად პოლიტიკაში სტაბილურობას ემატება სავალუტო რეზერვების ზრდა – ივნისის ბოლოსთვის რეზერვები 4 მილიარდ დოლარს აღწევდა.
ფისკალური სტრატეგია: მიუხედავად 2025 წელს გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებისა (თავდაცვა, ლტოლვილთა განსახლება), ხელისუფლებას აქვს გეგმა 2026-2030 წლებში დეფიციტის თანდათანობითი შემცირებისა და ფისკალური დისციპლინის გამკაცრებისკენ. თუმცა Fitch აღნიშნავს, რომ ეს გეგმა საკმაოდ ამბიციურია და შემოსავლების გაწერილი გეგმების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს.
არსებული გამოწვევები
საგარეო ვალის ზრდა: სომხეთის საერთო მთავრობის ვალი 2025 წელს მშპ-ის 51.3%-ს მიაღწევს, ხოლო 2027 წლისთვის მოსალოდნელია 54.2%-მდე ზრდა. ვალის დაახლოებით ნახევარი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რაც სავალუტო რისკებს ზრდის, თუმცა ამ ვალის უმეტესი ნაწილი მრავალმხრივ საკრედიტო ინსტიტუტებზე მოდის, რაც რეფინანსირების რისკებს ამცირებს.
გარე ბალანსის სისუსტე: შემოსავლებისა და ექსპორტ-იმპორტის არასტაბილურობის ფონზე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს 4.6%-ს მიაღწევს, რაც BB- კატეგორიის საშუალოზე მეტია. Fitch ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში ნაწილობრივ გაუმჯობესდება.
დოლარიზაცია: მიუხედავად ბოლო წლებში შემცირებისა, ფულადი დეპოზიტების 47.6% და სესხების 32% კვლავ უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რაც მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ზღუდავს.
პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გარემო
ივნისში სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ "სახელმწიფო გადატრიალების" მცდელობა აღკვეთა და დააპატიმრა რამდენიმე გავლენიანი პირი. Fitch არ თვლის, რომ ეს ინციდენტი საფრთხეს უქმნის მთავრობის სტაბილურობას. მარტში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ იქნა სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა მისი დეტალები და გაფორმების ვადები უცნობია. Fitch-ის შეფასებით, ვითარების სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისკენ შემობრუნება ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია.
ფაქტორები, რომლებიც მომავალში რეიტინგზე იქონიებს გავლენას
პოზიტიური ზემოქმედება: რეიტინგის ამაღლებას შესაძლებელს გახდის სახელმწიფო ვალის შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია, ეკონომიკური დივერსიფიკაცია და გეოპოლიტიკური რისკების შემცირება.
ნეგატიური ზემოქმედება: საგარეო ვალდებულებების მოსალოდნელზე მკვეთრ ზრდას რეიტინგის დაქვეითება შეიძლება მოჰყვეს, ასევე თუ შემცირდება რეზერვები ან განმეორდება გეოპოლიტიკური ესკალაცია, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას შეარყევს.
დასკვნა
Fitch-ის შეფასებით, სომხეთის ეკონომიკა აგრძელებს ზრდას და განიცდის მნიშვნელოვან პროგრესს ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებში, თუმცა მაღალი ფისკალური დეფიციტი, გარე ბალანსის სისუსტე და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ რჩება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად. რეიტინგის შენარჩუნება სტაბილურ დონეზე ასახავს ამ დადებითი და ნეგატიური ფაქტორების ბალანსს.




























