საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings ეთანხმება საქართველოში საბანკო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს, რომლებიც საფინანსო სექტორს გარკვეული მიმართულებით შეზღუდვებს უწესებს.
სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელი ოლგა იგნატევა ამბობს, რომ ეს უფრო ხარისხიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს.
"ბოლო პერიოდში საბანკო სისტემის განვითარების ტენდენცია აჩვენებს, რომ სექტორი არის სტაბილური. ამის თქმა შეგვიძლია აუდიტორიულ დასკვნებზე დაყრდნობით, რომელიც ხელმისაწვდომია. ამასთან, აღვნიშნავდი ბოლო პერიოდის რეგულაციებს, რომელიც დაეხმარება სექტორს ფინანსურ სტაბილურობაში. საბანკო სექტორის ზრდა სახეზეა და ეს ძირითადად საცალო სეგმენტის ზრდის დამსახურებაა. ვფიქრობთ, ახალ უფრო მკაცრ რეგულაციებს ექნება გავლენა ამ ტრენდზე და სესხების ხარისხი უფრო მაღალ საფეხურზე ავა. ეს გამკაცრებული რეგულაციები არ არის უნიკალური შემთხვევა საქართველოსთვის. რეგულატორები სულ უფრო წუხან იმის გამო, რომ საცალო სესხები სწრაფად იზრდება. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის",-აცხადებს იგნატევა.
კითხვაზე არის თუ არა ჭარბვალიანობა საქართველოში, პასუხობს, რომ დასკვნების გასაკეთებლად სათანადო სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, საცალო დაკრედიტებაში ზრდის ტენდენცია სახეზეა.
"რაც შეეხება ჭარბვალიანობას საქართველოში, ჩვენ სათანადო სტატისტიკა არ გაგვაჩნია და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დასკვნებისთვის, მაგრამ ვხედავთ, რომ შინამეურნეობებში სესხის აღების ტრენდი იზრდება. ასე რომ საქართველოს არჩეული გზა სწორია",-აცხადებს იგნატევა.

























