მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: საქართველოს საგარეო შემოსავლები მიგრანტებმა “დაბუსტეს”

64b4ee43a7ce0
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.23 11:36
2382
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. Fitch-მა რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია". ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან - 4.5%-თან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო შემოსავლები “დაიბუსტა”, რასაც პირველი კვარტლის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, და რამაც 13% შეადგინა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი 2023 წლის პირველ კვარტალში 3.2 პროცენტამდე შემცირდა.

“2022 წელს მთლიანმა მიგრაციამ რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 100,000-ს მიაღწია, 2023 წელს კი ამ მხრივ მცირედი კლება შეინიშნება”, - ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უცნობია მიგრაციის ეფექტი რამდენ ხანს გასტანს, თუმცა მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან კაპიტალის შემოდინება მნიშვნელოვნად არ შემცირდება.

Fitch-ი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მმართველობის ხარისხზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო ამჟამად EU-სგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რისთვისაც 12 პრიორიტეტის შესრულება არის საჭირო. ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის პოზიციამ რუსეთთან კავშირების მიმართულებით, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

ინფლაციის მიმართულებით, Fitch-ი აღნიშნავს, რომ ლარის გამყარების, ასევე სატრანსპორტო დანახარჯების შემცირების გათვალისწინებით, ინფლაცია ივნისში მკვეთრად 0.6%-მდე დაეცა. ამასთანავე, მცირდება რეფინანსირების განაკვეთიც, რაც მაისში 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე შემცირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Fitch-ი წლის ბოლომდე ვარაუდობს, რომ ინფლაცია 0.5%-ის მიდამოში იქნება, ხოლო 2024-2025 წლებში 3%-3.5%-ის დონეზე შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები