“ფიტნეს ინდუსტრია ძალიან მზარდია, თუმცა საქართველოში ამ მხრივ ცნობიერება კვლავ დაბალია”, - ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში ფიტნეს აპლიკაცია Cherry’s Fitness-ის დამფუძნებელმა ნინო ჩერქეზიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ფიტნესი და ვარჯიშზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ბაზრის ათვისება ჭირს, ვინაიდან ცნობიერება ასამაღლებელია.
“სამწუხაროდ, რადგან ცნობადობა ძალიან დაბალია, შესაბამისად, მომხმარებელი არჩევს არაპროფესიონალურ გზებს, ანუ სოციალურ ქსელში ვინმემ რომ თქვას, რომ მაგალითად, თვეში 18 კილოგრამს დაგაკლებინებთო, ხალხს სჯერა. ასეთი დაპირებების მიმართ ჩვენი მომხმარებლები ძალიან მერყევები არიან. შესაბამისად, რაღაც მომენტში ეს ფიტნეს ინდუსტრიის ზრდას აფერხებს. Cherry’s Fitness-ის მთავარი მესიჯი არის სხეულის გაძლიერება, კუნთოვანი მასის შენება, ძვლების სტრუქტურის გამყარება და არა წონის კლება. ეს ასეც უნდა იყოს. წონის კლება ჩვენს შემთხვევაში ბონუს-მესიჯია. თუმცა, როგორც გითხარით, მომხმარებლის მთავარი მოტივატორი, როცა ვარჯიშის დაწყებას აპირებენ, მაინც წონის კლებაა”, - განმარტა ნინო ჩერქეზიშვილმა.
ცნობისთვის, Cherry’s Fitness-ს, რომელიც მომხმარებელს დისტანციურ სავარჯიშო პროგრამებს სთავაზობს, 60 000-ზე მერი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამ დრომდე აპლიკაციის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 100 000 ლარია.
რაც შეეხება ფასებს, Cherry’s Fitness-ის სხვადასხვა სავარჯიშო პროგრამის, მათ შორის, კუნთის ზრდის, სარეაბილიტაციო, წონის კლების და ა.შ. ფასები დაახლოებით 45-დან 70 ლარამდე მერყეობს. გასულ წელს აპლიკაციაში ვარჯიშები მამაკაცებისთვისაც დაემატა. რაც შეეხება კვების მენიუებს, აპლიკაციით შესაძლებელია სხვადასხვა კვების პროგრამების შეძენაც, მათ შორის. სამარხვო, უგლუტენო, განტვირთვის, დიაბეტური და სხვა, რომელსაც მოჰყვება გაწერილი მენიუები, მათი ფასი 65 ლარია.
ნინო ჩერქეზიშვილის თქმით, მიმდინარე წელს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება აპლიკაციის განვითარება, რომლის ჯამური ინვესტიცია 50 000 ლარის ფარგლებში იქნება. მათ შორის აპლიკაციას დაემატება კალორიების მთვლელი და ის უცხოელი მომხმარებლებისთვისაც ითარგმნება, რათა Cherry’s Fitness-ი ექსპორტზეც გავიდეს.




























