ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 40,000-ლარიანი საშეღავათო ზღვარი მოძველებულია - ამის შესახებ BMG-სთან იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს. მისი თქმით, გადასახადის საშეღავათო ლიმიტი 100,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
„მიუხედავად იმისა რეფორმა გატარდება თუ არა ქონების გადასახადზე, ეს ზღვარი არის გასაზრდელი. შეიძლება, რეფორმა გადავდოთ, წელს ვერ გავაკეთოთ, ან სამი წლის მერე გავაკეთოთ, მაგრამ ზღვარი დაუყოვნებლივ გასაზრდელია, იმიტომ, რომ ეს არის უკვე მოძველებული და ძალიან დაბალი. დღეს უკვე მცირე შემოსავლიანი ოჯახებიც კი, მაგალითად, მასწავლებლის ოჯახი და პენსიონერები აჭარბებენ 40,000 ლარიან ზღვარს და უკვე გადასახადის გადახდა უწევთ“, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი BMG-სთან.
იურისტი მიიჩნევს, რომ საშეღავათო ლიმიტის პარალელურად, აუცილებლად უნდა გადაიხედოს საგადასახადო განაკვეთების დიფერენცირების ზღვარიც. ამჟამად, ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო განაკვეთი იცვლება, თუ ოჯახის შემოსავალი 100,000 ლარს აღემატება. ძნელაშვილის აზრით, ქვედა ზღვარის აწევის შემთხვევაში, ეს ნიშნულიც პროპორციულად - უნდა გაორმაგდეს ან გასამმაგდეს.
რაც შეეხება ქონების გადასახადის ე.წ. „ესტონურ მოდელს“, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ სამინისტროში ამ საკითხზე მუშაობის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, თუმცა კონკრეტულ შეფასებებს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც პარლამენტში წარდგენილ საბოლოო დოკუმენტს გაეცნობა.
შეგახსენებთ, რომ ქონების გადასახადის საშეღავათო ზღვრის შესაძლო გაზრდის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში ალაპარაკდნენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ამჟამად, ახალი ზღვარი ან გადასახადის განახლებული კონფიგურაცია განხილვის პროცესშია და ოთხი შესაძლო მოდელი მუშავდება, რომელიც არსებულ ქონების გადასახადს ჩაანაცვლებს.
ამასთან, ფინანსთა სამინისტრო 2023 წლიდან, აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობს და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვს, ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია.




























