ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პირველ სექტემბერს BMG-ის განუცხადა, რომ ოთხ შესაძლო მოდელზე მიმდინარეობდა მსჯელობა და უახლოეს მომავალში ქონების გადასახადის განახლებული მოდელი საზოგადოებას კანონპროექტის სახით წარედგინებოდა და მას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებენ.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი;
- სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი;
- არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი.
- ჯამი - 120,783,740 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.
























