“ვოიაჟერის” დირექტორი სოფო აზარაშვილი ამბობს, რომ საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-სთან ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია როდიდან განახლდება ფრენები.
"ჩვენ საქართველოს ბაზარზე Flynas-ს წარმოვადგენთ. ერ-რიადის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფრენები შეჩერებულია, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია საუდის არაბეთში არსებულ ვითარებაზე, თუმცა ჯედას მიმართულებით ამ ეტაპზე ფრენები ხორციელდება. თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ სრულდებოდა", - ამბობს სოფო აზარაშვილი.
საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რეისები შეაჩერეს. Lufthansa Group-მა ფრენები 16 ოქტომბრამდე შეაჩერა, Air France-KLM-მა კი საუდის არაბეთის დედაქალაქში რეისები თვის ბოლომდე გააუქმა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის აეროპორტზე იერიში მიიტანეს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი მგზავრი კი დაშავდა. შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დახურა.





















