მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონდი „დობროდიარიუმი“ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ქართველ ბიზნესმენებთან თანამშრომლობისთვის მზადაა

62bd5a2f94b0b
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.22 14:10
1282
უკრაინაში, ქართველების მიერ შექმნილი ფონდი „დობროდიარიუმი“ ომის შედეგად დაობლებული უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, ქართველ ბიზნესმენებთან თანამშრომლობისთვის მზაობას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა გაუზიარა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შექმნილმა სოციალურმა კრიზისმა ქვეყნის გარეთ მხარდაჭერის ბევრი კერა გააჩინა: დაშავებულების, უსახლკაროდ დარჩენილებისა და დაობლებულების დახმარების იდეამ ბევრი ადამიანი გააერთიანა და სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინისა და უკრაინელებისთვის საქველმოქმედო ფონდების შექმნისკენ უბიძგა.

ფონდი „დობროდიარიუმი“ www.dobrodeearium.com ერთ-ერთი ასეთია, რომლის შექმნა უკრაინაში მცხოვრებ გიორგი არველაძეს ეკუთვნის, რომელიც გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკის მინიტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მან და მისმა მეუღლემ მეგობრებთან ერთად, ჯერ კიდევ მარტში ხარკოვიდან 56 დაობლებული ბავშვი გამოიყვანეს და მათზე ზრუნვა დაიწყეს. სულ მალე კი მეგობრებმა ბავშვებისთვის მუდმივი საცხოვრებელის შექმნის შესახებ დაიწყეს ზრუნვა.

Bono Fortis-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნიკოლოზ გუგეშაშვილი BM.GE-ს უყვება, რომ ასეთი ცენტრის ამოქმედება მათ, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ჩერნივეცში, საომარ მოქმედებებს მოშორებულ, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილზე გადაწყვიტეს და ცენტრი Bono Fortis გახსნეს. პროექტის განხორციელება, იდეის ავტორებმა ამერიკულ, ევროპულ და უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელ ფადი ასლისთან, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელ იციკ მოშესთან თანამშრომლობითა და ხელშეწყობით შეძლეს. დღეს Bono Fortis ცენტრის ამოცანა, ობლების ცხოვრების, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნაა.

„ახლა ბონო ფორტისში 53 ბავშვი ცხოვრობს. ორ კვირაში კიდევ 19 დაგვემატება, ხოლო წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ საერთო რაოდენობა 100 ბავშვამდე გაიზრდება. ეს ადგილების მაქსიმალური რაოდენობაა, რაც ბონო ფორტისს გააჩნია.

თუმცა სამომავლოდ, იქედან გამომდინარე, თუ რამდენად შევძლებთ რესურსების მოძიებას, ვაპირებთ, რომ წვდომა გავაფართოვოთ და „ბონო ფორტისის“ ტიპის ცენტრები კიდევ შევქმნათ, სადაც სხვა ევაკუირებული და დევნილობაში მყოფი ბავშვთა სახლების მიღებას შევძლებთ, რადგან საუბედუროდ, ასეთი სახლების და ობოლი ბავშვების რაოდენობა ძალიან დიდია და მათ შველა სჭირდებათ, მათი უმრავლესობა დღეს სავალალო პირობებში ცხოვრობს“, - აღნიშნავს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ამბობს, რომ „ბონო ფორტისის“ ახალი ცენტრების შექმნამდე, პროექტის ხელმძღვანელების მთავარი საზრუნავი „ბონო ფორტისის“ არსებული ცენტრი განვითარება და სრულფასოვანი საცხოვრებელი პირობების შექმნაა, რისთვისაც დამატებითი თანხების მობილიზებაა საჭირო. ამისთვის კი ფონდის ხელმძღვანელები საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ქართველ ბიზნესმენებთან თანამშრომლობასაც განიხილავენ.

„გიორგი არველაძე ახლა კიევშია და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება, რათა მათი დახმარებით ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობლების იდენტიფიცირება მოხდეს.

საერთო, კეთილი საქმისთვის, ჩვენ ქართულ ბიზნესს თანამშრომლობას ვთავაზობთ. ახლა ყველანაირი დახმარება გვჭირდება იმისათვის, რომ ბავშვებს სიხარული დავუბრუნოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ „ბონო ფორტისში“ მცხოვრებ ბავშვებს არა აქვთ სათამაშო მოედანი. ახლა ერთ-ერთ ამერიკულ ფონდთან ერთად ამერიკაში თანხების მოზიდვას კონკრეტულად საბავშვო სათამაშო მოედნისათვის ვიწყებთ. ასეთი მოედნის მოწყობა დაახლოებით 18,000 დოლარი ჯდება. იმედი გვაქვს, რომ თანხა ამერიკელი დონორების ხელშეწყობით მალე შეგროვდება. გარდა ამისა, ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს არაერთი საჭიროება აქვთ, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. ვფიქრობ, ომგამოვლილი, მარტო დარჩენილი ბავშვების სახეზე ღიმილის გაჩენა ყველას უნდა გვეჩქარებოდეს და ამიტომაც გვაქვს ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობის იმედი“, - აღნიშნავს „დობროდარიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

მისი ინფორმაციით, ჩერნივეცში „ბონო ფორტისის“ ცენტრის გახსნისთვის, მთლიანობაში დაახლოებით 200 000 დოლარი დაიხარჯა. ფონდს ეს შენობა ტექნიკისა და ავეჯის გარეშე გადაეცა. დღეს კი დანიის საელჩოსა და უკრაინული ფონდის ხელშეწყობით შენობა საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები