მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონდი "ქართუ": იპოდრომზე ცენტრალური პარკი წლის ბოლოს ნაწილობრივ გაიხსნება

იპოდრომი

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი წლის ბოლოს ვიზიტორებისთვის ნაწილობრივ გაიხსნება. ამის შესახებ ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს.

მისი თქმით, საუბარია პარკის აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც ტერიტორიის ნახევარს მოიცავს.

“ცენტრალური პარკის პროექტი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გეგმაზომიერად, ეტაპობრივად ხორციელდება. ამას პირველად ვამბობ საჯაროდ, რომ წელს, წლის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა პარკის აღმოსავლეთი ნაწილი - რაც დაახლოებით, მთელი ტერიტორიის ნახევარს მოიცავს, ვიზიტორებისთვის გაიხსნას”- ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი BMG-ის კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, ფონდ „ქართუსა” და თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ სამუშაოები შეფერხებების გარეშე, ეტაპობრივად და ხარისხიანად ხორციელდება.

“არანაირი შეფერხება არ ყოფილა… ყველაფერი ხორციელდება გეგმაზომიერად, ხარისხიანად და დასრულებული იქნება თავის დროში. არაფერ შეფერხებას და დაგვიანებას ადგილი არ აქვს” - აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

კახა კალაძის განცხადებით კი, პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ფონდი “ქართუ” ახორციელებს და ის აუცილებლად, ბოლომდე მივა.

“გარკვეული ცვლილებები უშუალოდ, პროექტირების დროს განხორციელდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობა ითხოვდა, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი ყოფილიყო, მოლი ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი. თუ მიხვალთ, ალბათ ნახავთ, თუ რა სამუშაოებია.

პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ეს არის მათი საჩუქარი ჩვენი ქალაქის მიმართ. ეს იყო კერძო საკუთრება, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კონკრეტულ კომპანიებზე, რათა იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. შემდეგ ეს ტერიტორია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და საჩუქრად გადასცა მუნიციპალიტეტს და კეთდება ძალიან მაგარი პროექტი „ცენტრალური პარკის“ სახით. ეს არის რეალობა", - განაცხადა კალაძემ.

ცენტრალური პარკის პროექტი, რომელსაც "ქართუ ფონდი" ახორციელებს, ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად სწორედ 2020 წელს გახსნა. ტერიტორია ფონდმა "ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. 2022 წელს პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და როგორც ფონდმა განაცხადა, იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობა დაახლოებით $20 მლნ დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები