მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონდი "ქართუ" €40 მლნ-ის ციკლოტრონებს ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრს აჩუქებს

61b4b79d54e46
BM.GE
11.12.21 18:22
17048
ბელგიური ტექნოლოგიური კომპანია IBA, "ქართუ ფონდის" დაკვეთით საქართველოსთვის, ადრონული თერაპიის აპარატების - ციკლოტრონების დამზადებით არის დაკავებული. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და "ქართუ ფონდის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ციკლოტრონების აწყობის პროცესი დაათვალიერეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით ციკლოტრონების აღჭურვის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

განათლების მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება. 

"ციკლოტრონების მწარმოებელ წამყვან კომპანიაში “IBA” ციკლოტრონების აწყობის პროცესი დავათვალიერეთ. როგორც მოგეხსენებათ, ადრონული თერაპიის ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი – ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან წამყვანმა მეცნიერებმა უკვე გამოხატეს დიდი ენთუზიაზმით თავიანთი სურვილი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში. ამჟამად ციკლოტრონები გადის ტესტირების პროცესს,"- განაცხადა განათლების მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

"ფონდი „ქართუ“ ქუთაისში ახორციელებს მეგა-პროექტს, რომლის ფარგლებშიც ძალიან მალე გაიხსნება ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიცინის, ისე ზოგადად, ფიზიკის განვითარების მხრივ საქართველოში. აღნიშნული პროექტი სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს როგორც მსოფლიო, ასევე რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, “IBA”-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.



"კომპანია IBA ადრონული თერაპიის ცენტრისთვის აღჭურვილობას აწარმოებს. გვეამაყება ეს თანამშრომლობა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის დიდი პროექტი და ადრონული თერაპიის ცენტრის სისტემა სიმსივნით დაავადებული პაციენტების, განსაკუთრებით კი ბავშვების მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. ამ სარგებლის გარდა, უნივერსიტეტსა და IBA-ის შორის არსებული თანამშრომლობა არის ძალიან მჭიდრო, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს“,- განაცხადა “IBA”-ის დამფუძნებელმა ივ იონგენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები