მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონიჭალის შემოვლითი გზის ₾113-მილიონიანი ტენდერი, რაც მტკვარზე ორი ხიდის მშენებლობას მოიცავს, ჩავარდა

მაგისტრალის პროექტი

ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიის დისკვალიფიკაციის გამო უშედეგოდ დასრულდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადებული 113 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადატანა, რათა მაგისტრალს ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ზონისთვის აექცია გზა. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში მდინარე მტკვარზე ორი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმებოდა, ამ ხიდების სიგრძე 211 და 170 მეტრი უნდა ყოფილიყო.

საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრენტედენტმა თურქულმა კომპანია YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-მ მიიღო. კომპანია სახელმწიფოს გზის ამ მონაკვეთის 103.6 მილიონ ლარად აშენებას სთავაზობდა, თუმცა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო სატენდერო კომისიამ მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა, რის გამოც ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს თავდაპირველი პროექტის ხარვეზების და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა. პირვანდელი პროექტით მაგისტრალს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქვემო ფონიჭალაში უნდა გაევლო, თუმცა საცხოვრებელი ზონიდან გზის 50 მეტრზე ნაკლები დაშორების და სხვა ფაქტორების გამო მოსახლეობამ მისი შეჩერება მოითხოვა.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.

მეორე მონაკვეთის მშენებლობა კი 2019 წლიდან დაკონსერვებულია, ხოლო 2020 წლის ივნისში დაფინანსების სასესხო შეთანხმებას ვადა გაუვიდა, რის გამოც ADB პროექტის ფინანსირებაში აღარ მონაწილეობს.

2024 წლის ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ხელახალი ტენდერი გზის საპროექტო სამუშაოებზე. ტენდერში კომპანია "კოკს კონსალტის" საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა და მას 3.2 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა. 2025 წლის აპრილში საპროექტო სამუშაოები დასრულდა, ოქტომბერში კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რაც უშედეგოდ დასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები