Forbes 100 უმდიდრესი IT-მილიარდერის სიას აქვეყნებს. ერთი წლის განმავლობაში რეიტინგის ათეული შეიცვალა.
წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი IT სპეციალისტების ქონება 6%-ით 892 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. IT მილიარდერების ნახევარზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობს, და მათი რიცხვი 51-ს შეადგენს, 19 მილიარდერით არის წარმოდგენილი ჩინეთი. ასეულიდან ქალი მხოლოდ ხუთია.
წელს Forbes-მა გადაწყვიტა, რომ რეიტინგში არ შეიყვანოს ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ქონება მემკვიდრეობის შედეგად მიიღეს. სწორედ ამიტომაც სტივ ჯობსის ქვრივი წელს სიაში ვერ მოხვდა.
რეიტინგში წამყვანი პოზიცია ტრადიციულად Microsoft- ის დამფუძნებელს ბილ გეითს უკავია. მისი ქონება 78 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გეითსის შემდეგ რეიტინგში ჯეფ ბეზოსია, რომელიც 66.2 მილიარდი დოლარის მფლობელია. იგი საცალო ვაჭრობის გიგანტის - Amazon-ის დამფუძნებელია. გასული წლის ანალოგიურ რეიტინგში ბეზოსი მესამე ადგილს იკავებდა და ორჯერ ნაკლები კაპიტალი ჰქონდა (34,7 მილიარდი დოლარი).
ჯეფ ბეზოს სოციალური ქსელი Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოსდევს. იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.
შემდეგი პოზიცია ლარი ელისონს ერგო, რომლიც 51.7 მილიარდ დოლარს ფლობს. ამერიკელი მეწარმე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე მომუშავე მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle-ს დამაარსებელია.
მეხუთე პოზიციაზე ინტერნეტ-გიგანტი Google-ის დამმაარსებელი ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი მოხვდნენ. პეიჯის ქონებაც 39 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ბრინის კი 38.2 მილიარდ დოლარს.

























