გამოცემა Forbes ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „აბრეშუმის გზის ეფექტი - ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ძველ ქარხანაში თიზ-ი შექმნა“.
სტატიის ავტორი წერს, რომ ჩინურმა ჰუალინგმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისის იმ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე შექმნა, სადაც მუშაობა ჯერ კიდევ 1988 წელს შეწყდა.
„ჰუალინგი ადგილზე 30 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს უახლოესი 5 წლის განმავლობაში. კომპანია დღეს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია და ის ქვეყანაში 2007 წლიდან ოპერირებს. საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისის გარდა, ფოთსა და თბილისშიც არის“, - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქუთაისში ინდუსტრიული ცენტრის აშენება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სურდა, რომელმაც შემდგომ ქალაქში პარლამენტის შენობაც გადიტანა, რასაც გამოცემის ცნობით, „მოგვიანებით მხოლოდ საეჭვო ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა“.

























