ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა ბიზნესგამოცემამ Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების (Best Countries for Business) 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
Forbes-ის რეიტინგის სათავეში შვედეთია, რომელიც წლის განმავლობაში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და წინა წლის ლიდერი დანია უკან ჩამოიტოვა. მსოფლიოში ავტორიტეტულმა გამოცემამ პირველად ეს რეიტინგი 2006 წელს შეადგინა და მაშინ შვედეთს მე-17 პოზიცია ეკავა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო წლებში ბიზნესისთვის რეგულირების შემსუბუქებითა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის ბიუჯეტის ხარჯების შემცირებით, ქვეყანამ მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ქვეყანაში დასაქმების სტიმულირების მიზნით ინვალიდობისა და უმუშევრობისთვის გაცემული დახმარება შეამცირეს.
ამერიკული ბიზნეს გამოცემის თანახმად, შვედეთში გასულ წელს მშპ 4.2%-ით გაიზარდა (493 მილიარდი აშშ დოლარამდე) და ამ მაჩვენებლით ტოპ 25 ქვეყნიდან ადგილი მხოლოდ ლუქსემბურგსა და ირლანდიას დაუთმო.
კვლევის მიხედვით, Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის პირველ სამეულში შვედეთის შემდეგ ახალი ზელანდია და ჰონგ-კონგი მოხვდნენ.
რეიტინგის ტოპ-ათეულში კი ქვეყნები ასე განაწილდნენ:
4) ირლანდია
5) დიდი ბრიტანეთი
6) დანია
7) ჰოლანდია
8) ფინეთი
9) ნორვეგია
10) კანადა

























